უახლოეს 7-10 წელიწადში უნდა შევძლოთ და ქვეყანაში არსებული მანქანების 70-80% ელექტროძრავიანი უნდა იყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალ „ველურ ბუნებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას და განვითარდეს მრეწველობა, თუმცა, მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
„როგორც იტყვიან „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ და საქართველოს ჩამორჩენა ინდუსტრიული განვითარების კუთხით, საშუალებას გვაძლევს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად მარტივად მოვახერხოთ ეკოლოგიაზე ორიენტირებულ ინდუსტრიაზე გადასვლა“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მან ასევე ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებაზეც ისაუბრა.
„ჩვენი ზომის ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რაციონალურად და ოპტიმალურად არ გამოიყენოს არსებული მიწის რესურსი. ამ მხრივ, ჩვენ გვჭირდება ცოდნის გაღრმავება, რათა საბოლოო ჯამში ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რაზეც მუდმივად იზრდება მოთხოვნა განვითარებულ ქვეყნებში. უნდა ავღნიშნო, რომ ძალიან კარგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გვყავს, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და მომავალში კიდევ უფრო მეტი პროგრამები ამუშავდება, რათა გავზარდოთ ჩვენი ფერმერების და გლეხების ცოდნა და შესაძლებლობები, რაც მათ მიერ მოყვანილი პროდუქციის ფასზეც აისახება“, – განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალ „ველურ ბუნებასთან“ ინტერვიუში.