პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი: ოპოზიციის საარჩევნო კანონპროექტის განხილვა მიზანშეწონილია

637

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა ოპოზიციის მიერ ე.წ გერმანულ მოდელზე შემუშავებული კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყება მიზანშეწონილად მიიჩნია.

რადგან დეპარტამენტმა კანონპროექტის განხილვის გაგრძელება მიზანშეწონილად მიიჩნია, ესე იგი დეპარტამენტმა ჩათვალა, რომ ის კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, სხვა შემთხვევაში დეპარტამენტი მის განხილვას შეაჩერებდა.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ პრაქტიკის მიხედვით, იურიდიული დეპარტამენტი კანონპროექტის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი უარყოფით დასკვნას წერს და არ აგზავნის განსახილველად. ოპოზიციის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე კი, მსგავსი არაფერი დაუწერია. დაწერეს, რომ მზად არის განხილვისთვის, ანუ კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, მათი შეხედულებით.

“იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციაა, ყველა კანონპროექტთან მიმართებაში, თუ იქ აშკარაა ან მეტ-ნაკლებად აშკარაა მაინც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა, ისინი წერენ დასკვნას და წარუდგენენ ბიუროს, რომ არის შეუსაბამობა კონსტიტუციასთან და არ შეიძლება ამის განხილვა. ეს გაუკეთებიათ მაშინაც კი, როცა ჩვენ ამას არ ვეთანხმებოდით, ძალიან ფართო ინტერპრეტაციას აკეთებენ ხოლმე, თუ პატარა ეჭვი მაინც აქვთ ხოლმე, მკაფიოდ და პირდაპირ წერენ, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება,” – ამბობს ბოკერია.

ბოკერია უმრავლესობის წევრების კომენტარებს იხსენებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ კანონპროექტი იმდენად შეუსაბამოა კონსტიტუციასთან, რომ მისი განხილვაც კი სირცხვილია.

“ახლა კობახიძეს რომ კითხოს ვინმემ, მისი იურიდიული დეპარტამენტი მიაჩნია სამარცხვინოდ? რადგან ის ამბობდა, რომ კითხვის დასმაც კი სირცხვილიაო. ეს აჩვენებს როგორი მოგონილია ეს არგუმენტი ივანიშვილის კლოუნების მიერ და როგორ არიან ისინი დღემდე პასუხიმგებლები იმაზე რომ პოლიტიკური მდგომარეობა არის დაძაბული იმიტომ რომ ხელისფულება არ ეგუება მათ უტიფარ დამოკიდებულებას,” – ამბობს ბოკერია.

იურიდიული დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დასკვნაში წერია: “დეპარტამენტმა განიხილა ცვლილებები და მიზანშეწონილად მიაჩნია კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება.”

ოპოზიციურმა გაერთიანებამ მათ მიერ შემუშავებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის კანონპროექტი პარლამენტში 4 დეკემბერს დაარეგისტრირა.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია.