მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვისათვის მერიამ 450 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეასრულოს ისეთი სამუშაოები, როგორიცაა გზებზე სავალი ნაწილის მოვლა-შენახვა, გზებზე მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებების მოვლა-შენახვა, გზისპირა ნარგავების მოვლა-შენახვა, ზამთრის პერიოდში გზების შენახვა და მარნულში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღალაშვილის ხიდის მოვლა-შენახვა.
სამუშაოები 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა შესრულდეს, მერიის მიერ წერილობითი დავალების საფუძველზე.
ტენდერი მარნეულის მერიამ 26 ნოემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს, სატენდერო წინადადებების წარდგენა 12-დან 17-დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის განმავლობაში საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისათვის მერიას 400 000 ლარიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, 2020 წლისთვის კი მისი ღირებულება 50 000 ლარით გაიზარდა.