ხმაური “ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში – რას ითხოვს სოფელ აბულის მოსახლეობა

898

5 დეკემბერს ხმაური იყო ნინოწმინდა–ახალქალაქის დეპუტატის ენზელ მკოიანის ბიუროში. აბულის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანას, გზის მოასფალტებას და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას სთხოვს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

დეპუტატის ბიუროში შეხევდრას, ახალქალქის მერი იური უნანიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანიც ესწრებოდა.

„აბული ქალაქიდან ყველაზე შორი დასახლებაა. ჩვენთან ყველაზე დიდხანს გრძელდება ზამთარი, არ გვაქვს ბუნებრივი აირი, გათბობა რომ გვინდა მეზობელ სოფელში, კარტიკამში მივდივართ. ხუთ კილომეტრში გადის გაზი. რით ვეღარ გააკეთეს?! ასევე არ გვაქვს გზაც. სოფელში მოსახლეობამ გავაკეთეთ ე.წ ცივი წყარო, რითაც ვსარგებლობდით, მაგრამ ესეც აგვიკრძალეთ და გვითხარით, რომ არ გამოდგება სასმელად“, – აცხადებენ ადგილობრივები jnews.ge-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ადგილობრივები ასევე, სოფლის კლუბის რეაბილიტაციასა და სკვერის მოწყობას ითხოვენ.

ახალქალაქის მერის იური უნანიანის განმარტებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში სოფლამდე მისასვლელი გზის მოასფალტებაა გათვალისწინებული.

„ადგილობრივებმა იციან, რომ ეს პრობლემები ერთ დღეში არ მოგვარდება. 2020 წლის ბიუჯეტში გზის საკითხი გათვალისწინებულია, გაზი ჩვენ არ გვეხება ეს სახელმწიფოს საკითხია. რაც შეეხება წყალს, გაზაფხულზე გავაკეთებთ, გავარემონტებთ რაც საჭიროა“,-ამბობს უნანიანი.

ენზელ მკოიანმა “სამხრეთის კარიბჭეს” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მოსახლეობასთან შეხვედრის ფოტოები დეპუტატმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ატვირთა, სადაც წერია, რომ სოფელ აბულის გაზიფიცირების საკითხი2020 წელს მოგვარდება.