ოზურგეთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ბესიკ ქათამაძის განცხადებით, მას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სხდომის დატოვებას სთხოვდა.
,,მივედით სხდომაზე და დაგვხვდნენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, გვეძახდნენ ,,ნაციონალებს“. ამას აკეთებდნენ თავად ყოფილი ნაციონალები. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე ითხოვდა, დამეტოვენინა სხდომა. მათ იქაურობა თავიანთი ბოსტანი ჰგონიათ. არიან გაბოროტებულები“ , – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბესიკ ქათამაძემ.
ინციდენტის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ბესიკ ქათამაძემ და დავით მჟავანაძემ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ღურჯუმელიძის განცხადებით, იგი ნამდვილად მოუწოდებდა ქათამაძეს საკრებულოს სხდომის დატოვებისკენ და ეუბნებოდა, რომ მას არ ჰქონდა იქ ყოფნის მორალური უფლება.
საკრებულოს სხდომა უკვე დასრულდა.