„ნაციონალური მოძრაობა” პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა შუშანია აუდიტის დასკვნას ეხმიანება და ადგილობრივ ხელისუფლებას თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, აუდიტის დასკვნის თანახმად, 2019-2020 წლებში მერიის მაღალჩინოსნებმა დანამატებთან ერთად სოციალური დახმარებაც მიიღეს, ასევე მილიონობით ლარია გაფლანგული. შუშანია გამოძიების დაწყებას მოითხოვს და აცხადებს, რომ კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
“მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” პრეზიდენტ სააკაშვილს ასამართლებს შვიდი პიჯაკის შეძენისთვის, ასევე იუშენკოს მასპინძლობისთვის, ამ დროს ქუთაისის მერია 2019-2020 წლებში მილიონობით ლარის ფლანგვით იყო დაკავებული. საკუთარ თავს სოციალურად დაუცველების სტატუსით 382 000 ლარს უწერდნენ. 22 მილიონიანი ახალი ავტობუსები შეძენიდან ცხრა თვეში 594-ჯერ გაფუჭდა, ასევე წერია, რომ მილიონობით ლარია გაფლანგული, არ არსებობს დანაშაული, რომელიც აუდიტის ამ დასკვნაში არ ეწეროს, ამიტომ მივმართეთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დადგეს, კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.