ქუთაისის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტს 29 დეკემბერს განიხილავს

910

29 დეკემბერს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავს. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.

საკრებულოს სხდომამდე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავს კომისიურ ფორმატში. ბიუჯეტის კომისიური განხილვის ფორმატში ჩართული იქნებიან, როგორც აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლები, აგრეთვე ქუთაისის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული იურიდიული პირები და მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციარები.

,,ქუთაისის მუნიციპალიტეტის გაცხადებული პრიორიტეტებია მმართველობის ღიაობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა. ქალაქის ბიუჯეტი, ეს არის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განზაღვრავს ერთი წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროექტებს და პროგრამებს. ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა, მათი ინფორმირება არის მოქალაქეთა ინტერესებზე მორგებული დოკუმენტის შემუშავების და შემდგომში ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების და პროგრამების წარმატებით განხორციელების გარანტი,’’- წერია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოქალაქეებისთვის ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით კომისიების სხდომები გაშუქდება საკრებულოს Facebook გვერდზე.

სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.