სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიებს და დამოუკიდებელ კანდიდატებს მოუწოდებს, საარჩევნო ხარჯების დეკლარირება დროულად დაიწყონ

711

სახელმწიფო აუდიტის სამსახური არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკურ პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს მოუწოდებს, საარჩევნო მიზნებისთვის განხორციელებული ხარჯის დეკლარირება დროულად დაიწყონ, – ამის შესახებ  პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის გამჭირვალედ წარმართვის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ყველა პოლიტიკურ პარტიას და დამოუკიდებელ კანდიდატს მოუწოდებს, რომ დროულად დაიწყონ საარჩევნო მიზნებისთვის განხორციელებული ხარჯის დეკლარირება საარჩევნო კანონმდებლობითა და გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის ბრძანებით დადგენილი წესით. მოვუწოდებთ ყველა სუბიექტს, ვისაც აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს 2017 წლის არჩევნებში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების დანიშვნამდე დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის და დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს და დარეგისტრირდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, რათა მივაღწიოთ პოლიტიკური ფინანსების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტს და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას“, – განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა

მისივე თქმით, ყველა დაინტერესებული პირისათვის მიმდინარეობს კონსულტაციები და მონიტორინგის სამსახური აცხადებს მზადყოფნას ნებისმიერი სახის დამატებთი ტრეინინგების ჩასატარებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნას თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე, გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო პროცესის წარმართვა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

წყარო: ინტერპრესნიუსი