ზუგდიდის მერიას მოუწოდებენ, რომ ბიუჯეტის შედგენისას შშმ პირებს არა მხოლოდ ჯანდაცვის, სხვა პროგრამებიც მოარგონ

487

წინა სტატია

ასოციაცია “დეას” წარმომადგენელმა ივეტა წითაშვილმა ზუგდიდის მუნიციპაიტეტის მერს მიმართა შეკითხვით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენისას თუ შეხვდნენ და გაითვალისწინეს შშმ პირთა საჭიროებები. მან კითხვის დასმისას დააზუსტა, რომ მუნიციპალიტეტის ყველა პროგრამა უნდა იყოს მორგებული შშმ პირებზე და ეს ადამიანები არ უნდა გაითვალისწინონ მხოლოდ ჯანდაცვის თუ სოციალურ პროგრამებში, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე.

“დეას” წარმომადგენელი ასევე დაინტერესდა, რამდენად მოარგო მერიამ ახალგაზრდული პროგრამები შშმ ახალგაზრდებს, რადგან გადაადგილება, გართობა, განათლების მიღება თუ სხვა აქტივობები, ყველა მოქალაქეს თანაბრად სჭირდება და ყველას აქვს მისი მიღების უფლება.

“ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. ჩვენც ვიხდით გადასახადებს და ჩვენც გვინდა ყველა ეს სერვისი”, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ივეტა წითაშვილმა.

თვითმმართველობის მიერ წარმოდგენილ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სწორედ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუხლში შედის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ონკოლოგიურ ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამა, რისთვისაც 240 ათასი ლარია გათვლილი.

მერმა ივეტა წითაშვილის საპასუხოდ განმარტა, რომ შშმ პირთა საჭიროებების სრული დაკმაყოფილება, ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვერ მოხდება 2020 წელს. გიორგი შენგელიამ აღნიშნა, რომ, პირველ ეტაპზე შეეცდებიან ადმინისტრაციული შენობების სრულად ადაპტირებას და არსებული ხარვეზების გამოსწორებას. მისივე თქმით, მერია პროგრამების დაფინანსებისას ითვალისწინებს მიღებულ განცხადებებს. მაგალითად, მერმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდის დაფინანსება:

“ჩვენ რამდნიმე პროგრამას ვაფინანსებთ ამ კუთხით… სხვადასხვა პროგრამა 2020 წლის ბიუჯეტში გავითვალისწინოთ თუ არა, ვმსჯელობთ ამაზე იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად არის ამ კონკრეტულ მიმართლებაზე მოთხოვნა და მომართვიანობა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ ყველა ის განაცხადი, რომელიც ჩვენთან შემოვა. მაგალითად, ჩვენ ვაფინანსებთ ამპუტატ ფეხბურთელთა გუნდს და ვფიქრობთ, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ ეს დაფინანსება. თუ ვთქვათ, სხვა რომელიმე მიმართულებითაც იქნება მოთხოვნა, ამასაც გავითვალისწინებთ და ვიმსჯელებთ”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მისი სიტყვებით, ყველა ინფრასტრუქტურული პროგრამა, რომელიც ახლა მიმდინარეობს და დაიგეგმება, გათვლილია შშმ პირების საჭიროებებზე. მერის განმარტებით, ეს საჭიროებები გაითვალისწინეს მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენისას, რომელიც ადაპტირებულია.

გიორგი შენგელიას მტკიცებით, შეეცდებიან ისეთი პროგრამების შემუშავებას, რომელიც არა მხოლოდ ეტლით მოსარგებლეებზე იყოს მორგებული, არამედ სხვა სახის საჭიროებების მქონე პირებზეც. მაგალითად, სმენა და მხედველობა დაქვეითებულებზე.

ზუგდიდის ახალი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები დაიწყო. 27 ნოემბერს პრიორიტეტებზე შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში იმსჯელეს. პროექტის მიხედვით, 2020 წლის ბიუჯეტი 6 მილიონ ნახევარი ლარით იზრდება და 43 მილიონი ლარია.