ენგურის ხიდზე შეზღუდვები სრულად მოიხსნა

538

აფხაზეთისა და სამეგრელოს დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე შეზღუდვები სრულად მოიხსნა და საოკუპაციო ხაზის ორივე მხრიდან მოქალაქეები ჩვეულებრივ გადაადგილდებიან. ინფორმაცია “ლაივპრესს” სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ დაუდასტურა. ამბობს, რომ მასაც ეს ცნობები აქვს. თუ მანამდე ახალგაზრდა მამაკაცებს დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით აფხაზეთიდან სამეგრელოში არ უშვებდნენ, ახლა უკვე განურჩევლად ყველა გამოატარეს.

“ჩემი სამსახურის წარმომადგენლები არიან ადგილზე მონიტორინგისთვის და მეც ეს ინფორმაცია მაქვს. ამ ეტაპზე ჩვეულებრივ მოძრაობენ. როდის რა შეიცვლება არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე გადადიან და გადმოდიან ყველა ასაკის ადამიანები”, – გვითხრა რეზო ქობალიამ.

ენგურის ხიდზე შეზღუდვა დეფაქტო მთავრობამ 22 ნოემბერს დააწესა. ფაქტს წინ უძღოდა სოხუმში მომხდარი ინციდენტი. ენგურის ხიდის ჩაკეტვამდე რამდენიმე საათით ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის დროით 14:30 საათზე სოხუმის ცენტრში 2 ადამიანი მოკლეს. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვას მგზავრები.

გარკვეული პერიოდი გადაადგილებას ახალგაზრდა მამაკაცებს უკრძალავდნენ, თუმცა დღეისთვის ეს შეზღუდვაც მოიხსნა.