შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნების ადმინისტრაციის სამივლინებო ხარჯები, წინა წელთან შედარებით, თითქმის გაოთხმაგებულია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
2019 წლის განმავლობაში, სამხარეო ადმინისტრაციამ თანამშრომელთა მივლინებებისთვის თანხა 7-ჯერ გამოყო. ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტი მარტში, პოლონეთში სამ-დღიანი ვიზიტზე დაიხარჯა.
“17-დან 20 მარტის ჩათვლით, სამხარეო ადმინისტრაციის შტატგარეშე თანამშრომელი იმყოფებოდა სასწავლო-სამუშაო ვიზიტით ვარშავაში, რისთვსაც 2 171 ლარი დაიხარჯა”, – ვიგებთ უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან.
მიმდინარე წლის სექტემბერში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იმყოფებოდა ლიეტუვაში. მისი ვიზიტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ბიუჯეტს 976.7 ლარი დაუჯდა.
დოკუმენტაციის მიხედვით, დარჩენილ 5 შემთხვევაში, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშროლები მივლინებებით იმყოფებოდნენ თბილისსა და ბათუმში.
ჯამში, 10 თვის განმავლობაში, ადმინისტრაციის სამივლინებო ხარჯებმა 4 541.02 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება წინა წელს, 2018 წელს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის სამივლინებო ხარჯებმა 1 140 ლარი შეადგინა. გასულ წელს, გუბერნიის თანამშრომლები ამ თანხით იმყოფებოდნენ 3 ქვეყანაში (თურქეთში, ბელგიასა და რუმინეთში) და ასევე დაესწრნენ ქვეყანაში გამართულ 4 სხვადასხვა სახის ღონისძიებას.