სიღნაღის საკრებულოს წევრის წინააღმდეგ სს დევნის დაწყებას ითხოვენ

566

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით “სამოქალაქო მოძრაობის” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოიკითხა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ნინო გოგოლაშვილის ადვოკატი ივანე ნორაკიძე ამ საქმეზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ილია ბაიდოშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. მისი შეფასებით, სამოქალაქო აქტივისტზე საკრებულოს წევრის თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

“წარვადგინეთ ყველა მტკიცებულება და ველოდებით, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ილია ბაიდოშვილისა და მისი თანმხლები პირების მიმართ.

გუშინ ბოდბისხევში მომხდარი ფაქტი არის დევნა, პოლიტიკურ ნიადაგზე, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამავდროულად, პოლიციისგან გოგოლაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც ვითხოვთ”, – განაცხადა ივანე ნორიკაძემ.

ინციდენტი სოფელ ბოდბისხევში გუშინ მოხდა. სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა კამპანია “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” სიღნაღიდან დაიწყეს.

სოფელ ბოდბისხევის ბაზარში, საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ილია ბაიდოშვილმა, სამოქალქო აქტივისტ ნინო გოგოლაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო.