“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, 18 ნოემბერს აქციის დაშლისას დაკავებულების მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა

1232

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ 18 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო პროცესებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ დაკავებულების მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა.

ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ განცხადებას ავრცელებს.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, საქმეების განხილვისას ადვოკატებისა და მედიის მიერ დოკუმენტირებული მთელი რიგი პროცესუალური დარღვევები, მათ შორის: ადვოკატებისათვის მტკიცებულებების შესაგროვებლად, კითხვების დასასმელად და საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად შეუსაბამოდ მცირე დროის განსაზღვრა; ჩანიშნული პროცესების დაგვიანებით დაწყება, რამაც რიგ შემთხვევებში კანონმდებლობით განსაზღვრული დაკავების ვადების დარღვევა გამოიწვია; საქმეების დაუსაბუთებელი გაერთიანება; ავთენტურობისა და მასში მონაწილე პირთა ვინაობის დადგენის გარეშე ვიდეოჩანაწერების მტკიცებულებებად დაშვება; პოლიციის მიერ წარმოდგენილი შაბლონური მასალები, მონაწილეთა ინდივიდუალური მახასიათებლების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების გარეშე; ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო ხელისუფლება რჩება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად.

„უხეში პროცედურული დარღვევების პარალელურად, სასამართლო განხილვებისას, მოსამართლის ყურადღების მიღმა დარჩა დაკავებულთა ნაწილის განცხადება პოლიციის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ძალის გამოყენებისას უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ წლების განმავლობაში ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი უფლებათა დარღვევის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს ახლადშექმნილ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, უზრუნველყოს დაკავებულთა ფიზიკური შეურაცხყოფისა და პოლიციელთა მიერ ძალის გამოყენებისას უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება“- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა.  დაკავებულების ნაწილს სასამართლომ გუშინ 3,5,7, 12 და 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სხვა დაკავებულების სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

აქციის მთავარი მოთხოვნაა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით და მთავრობის გადადგომა.