სიღნაღის საკრებულოს “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნის შვილს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ

1132

“ფლანგვის დეტექტორი” სიღნაღის მერიასა და ადგილობრივი საკრებულოს “ქართული ოცნების” ფრაქციის ხელმძღვანელის შვილს შორის შესაძლო კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საუბარია სოფელ ანაგაში სკვერის მოწყობაზე, რისთვისაც 20 ათასი ლარი პირდაპირი შესყიდვის გზით დავით მირიანაშვილის კომპანიას გადაეცა. დავით მირიანაშვილი სიღნაღის საკრებულოს დეპუტატისა და “ქართული ოცნების” ფრაქციის ხელმძღვანელის ივანე მირიანაშვილის შვილია.

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, დავით მირიანაშვილმა კომპანია  შპს  “სეივონი” 2017 წელს დაარსა და მას შემდეგ ბიუჯეტიდან 64 ათასი ლარი მიიღო.

“2019 წლის მაისში სიღნაღის მუნიციპალიტეტმა დაიწყო სკვერის გაკეთება სოფელ ანაგაში, რისთვისაც 20 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა ყოველგვარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით გადაეცა ივანე მირიანაშვილის შვილის, დავით მირიანაშვილის კომპანია შპს “სეივონს”, რომელმაც უხარისხოდ შეასრულა ეს სამუშაო და სკვერის ნაცვლად მივიღეთ უბრალო მოხრეშილი სივრცე, პატარა ბილიკითა და რამდენიმე სკამით.

ივანე მირიანაშვილი წარმოშობით სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგიდან არის.
2017 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე მირიანაშვილი „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და საარჩევნო შტაბის უფროსი იყო. არჩევნების შემდეგ კი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გახდა და სიღნაღის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციას ჩაუდგა სათავეში.

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 2017 წლის სექტემბერში, მისმა 20 წლის შვილმა, დავით მირიანაშვილმა, დააფუძნა შპს „სეივონი“, რომელიც სამშენებლო ტენდერების მიმართულებით ოპერირებს. დავით მირიანაშვილი ამ კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია,”- ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

კორუფციის არსებობას გამორიცხავენ მერიაში და ამტკიცებენ, რომ ყველაზე დაბალი ფასი სწორედ კომპანია “სეივონმა” წარმოადგინა.