თელავის რაიონულმა სასამართლომ ახმეტის მერიას 30 000 ლარის გადახდა დააკისრა

576

ოთხწლიანი დავა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიასა და სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრებ ზაურ იჩუკაიძეს შორის, მოქალაქის გამარჯვებით დასრულდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას, იჩუკაიძისათვის მიყენებული ზიანისათვის, 30 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

იჩუკაიძის ადვოკატის, ჯუმბერ მაილაშვილის ინფორმაციით, საქმე 2014 წელს, სოფელ ქვემო ალვანის ტერიტორიული ორგანოს ორსართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარს ეხება.

,,ხანძრის დროს, პირველ სართულზე მდებარე, ზაურ იჩუკაიძის კუთვნილი აფთიაქი სრულად დაიწვა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხანძარი ტერიტორიული ორგანოს შენობაში, ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია.

იმდროინდელმა გამგეობამ ზიანის ანაზღაურებაზე, მოქალაქეს აბსურდული მიზეზით, უთხრა უარი. სასამართლომ კი სარჩელი სრულად დაგვიკმაყოფილა, “-განაცხადა მაილაშვილმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე, მერიას ჯერ არ უმსჯელია.

“სასამართლომ ზიანის ანაზღაურება მერიას დააკისრა. ჩაგვბარდება გადაწყვეტილება, განვიხილავთ დეტალურად, რა პერსპექტივა აქვს და გასაჩივრების საკითხს გადავწყვეტთ”, – განაცხადა ქარუმაშვილმა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის მხარეებს ერთთვიანი ვადა აქვთ.