ქუთაისის მერია ცენტრალურ ბულვარს დაპირებულ რეკონსტრუქციას აღარ ჩაუტარებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
საფინანსო სამსახურის უფროსის, დავით ნიშნიანიძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში მხოლოდ შადრევნის განახლებისთვის არის თანხა გათვალისწინებული. რატომ გადაიფიქრა მერიამ ბულვარის რეკონსტრუქცია, დავით ნიშნიანიძეს ამაზე პასუხი არ აქვს.
„მე ვერ გეტყვით. ალბათ, ინფრასტრუქტურას უნდა კითხოთ“,- განაცხადა ნიშნიანიძემ.
დამატებითი განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, ბექა ყურაშვილს.
ერთი წლის წინ კი აცხადებდნენ, რომ: “დამონტაჟდება ვაზის ტიპის შადრევნები, რაც მას ძველ იერსახეს დაუბრუნებს. შეიცვლება ბაღში არსებული სანაყინეს გარე ფასადი და იქნება შესაბამისობაში გარემოსთან. გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ლანდშაფტი, რომ წყლის გადინება კარგად მოხდეს. აღდგება ქვის ბორდიურები, გამოიცვლება განათება და დაიდგმება ახალი ძელსკამები, რომელზეც ქუთაისის გერბი იქნება გამოსახული. ასევე, მოხდება კოლონადების რეაბილიტაცია”.
ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია ქუთაისის მერიამ გასული წლის ზაფხულზე დააანონსა. ბულვარის საბოლოო ესკიზის შერჩევა საზოგადოებას მიანდო და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე სხვადასხვა ელემენტის (შადრევანი, საფეხმავლო ბილიკების ფილა, ძელსკამი) რამდენიმე ვერსია გამოაქვეყნა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის სასურველი ფერისა და ფორმის ელემენტისთვის ხმა მიეცათ. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, მერიაში განაცხადეს, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო ესკიზის შერჩევა ვერ მოხდა.
ქუთაისის ცენტრალური ბაღი 171 წლისაა და ის მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელ ამიერკავკასიაში. ბულვარში ეტაპობრივად ხორციელდებოდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.