ჩვენ, მაჟორიტარებმა და არა მხოლოდ მაჟორიტარებმა, არ მივიღეთ იოლი გადაწყვეტილება, როდესაც მხარი არ დავუჭირეთ იმ პარლამენტში განხილულ კანონპროექტს; ვფიქრობ, ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ იმ კანონროპექტს, რომელიც საწყისს მისცემდა გრძელვადიან არასტაბილურობას ჩვენ ქვეყნისას და ასევე ხალხს დააშორებდა საკანონმდებლო ორგანოს, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, „პარლამენტი უნდა დააკომპლექტოს ხალხმა და არა ერთკაციანმა და მით უმეტეს, უპასუხისმგებლო პარტიებმა“.
“ვწუხვარ, იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა პარლამენტის წინ, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო, ჩვენ ამას ველოდით. ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენც. ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ ადამიანებმაც, ვინც კარგად ამოცნობადები არიან საზოგადოებისთვის, ყველა დესტრუქციის თუ კრიზისის დროს წინა ხაზზე დგანან და ვფიქრობ, მათი სახეები არ იყო შემთხვევით, რომ ყველა ტელეეკრანზე, ყველა ტელეკომპანიის გადაცემებში ყველა სიუჟეტში ისინი იყვნენ ისევ და ისევ წინა ხაზზე, სამწუხაროდ. ჩვენ, მაჟორიტარებმა და არა მხოლოდ მაჟორიტარებმა, არ მივიღეთ იოლი გადაწყვეტილება, როდესაც მხარი არ დავუჭირეთ იმ კანონპროექტს, რომელიც იქნა პარლამენტში განხილული, მაგრამ ვფიქროი, ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ იმ კანონროპექტს, რომელიც საწყისს მისცემდა გრძელვადიან არასტაბილურობას ჩვენი ქვეყნისას და ასევე ხალხს დააშორებდა საკანონმდებლო ორგანოს. პარლამენტი უნდა დააკომპლექტოს ხალხმა და არა ერთკაციანმა და მით უმეტეს, უპასუხისმგებლო პარტიებმა, რომელსაც იყენებენ სწორედ ის სახეები, რომლებზეც ვისაუბრე, ფაქტიურად, სამალავად. ჩვენ მაჟორიტარები დავიცავთ ამომრჩეველთა პირდაპირი არჩევითობის წესს და ინტერესს და ყველას მოვუწოდებთ იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო ოპოზიციას შევახსენებ და ვურჩევდი, რომ მოემზადონ არჩევნებისთვის, დაიმსახურონ ამომრჩეველთა მხარდაჭერა. მათ არავინ არ ბლოკავს, არავინ ზღუდავს, როგორც დღეს შეეცადნენ დაებლოკათ პარლამენტი“, – განაცხადა ხუნდაძემ.
დეპუტატმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს „ზემაღალი სიზუსტით“ შესრულებული ამოცანისთვის.
„მინდა ასევე მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, მათ ზემაღალი სიზუსტით შეასრულეს დღევანდელი ამოცანა, ყოველგვარი დაშავების გარეშე. ნაკაწრიც არ ჰქონდა არც ერთ მოქალაქეს. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც 2012 წლის შემდეგ მოვიპოვეთ, მაგრამ სახელმწიფოში დაუშვებელია ყოველგვარი კანონდარღვევა, მით უმეტეს რომელიც არის სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოეების საკითხი“, – განაცხადა ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა. არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მზადყოფნას გამოთქვამს, რომ იურიდიული დახმარება გაუწიოს პარლამენტთან დღეს აქციის დაშლის დროს დაკავებულებს.
ცოტა ხნის წინ პარლამენტთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით მოხდა. ადგილზე რამდენიმე კორდონად იყვნენ მობილიზებული რობოკოპები, პარალელურად, აფრთხილებდნენ აქციის მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია და დამორჩილებოდნენ პოლიციას. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, “სირცხვილიას” ერთ-ერთი წარმომადგენელი ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი.
ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად.
შსს და “ქართული ოცნების” ლიდერები დილიდან აცხადებდნენ, რომ პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.
ამ დროისთვის პარლამენტის წინ კარვების ნაწილი აღებულია, შენობის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და პარლამენტის ბიურო სხდომის ჩასატარებლად ემზადება. პარალელურად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მაინც გრძელდება – გამომსვლელები სიტყვით გამოდიან.
ცნობისთვის, პარლამენტის წინ აქცია, დაშლის მიუხედავად, მაინც გრძელდება.