სუბარი: სპეცრაზმი კანონის ფარგლებში მოქმედებდა, აღმაშფოთებელი თავდასხმები ვიხილეთ პოლიციაზე… გამოვყოფ გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც პოლიციას ხელებს უტყაპუნებდა

776

პოლიცია, სპეცრაზმი მოქმედებდა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში, ვიხილეთ აღმაშფოთებელი თავდასხმები პოლიციაზე, განსაკუთრებით გამოვყოფ გრიგოლ ვაშაძის ქმედებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა,  “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ ფასს კიდევ ერთხელ გადაიხდის.

„საქართველოში დაცულია შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, ყველაზე რადიკალურიც კი, ისეთი როგორიცაა „დავამთავრებთ ხელისუფლებას, რევოლუცია, საყოველთაო დაუმორჩილებლობა“, მაგრამ როცა მოწოდებები გადადის ქმედებებში, ხდება პარლამენტის ბლოკირება, პარლამენტის წევრებზე ფიზიკური თავდასხმა, ბოქლომის დადება, სახელმწიფოს აქვს უფლება კი არა ვალდებულება, რომ იმოქმედოს. ეს უკანონობა აღკვეთილია და ყველა აღიარებდა, რომ ეს იყო უკანონობა, მათ შორის ისინიც კი, ვინც ცდილობდა ისინი გაემართლებინა, თვით მომიტინგეების და მათი ლიდერების ჩათვლით.

პოლიცია, სპეცრაზმი მოქმედებდა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში, ვიხილეთ აღმაშფოთებელი თავდასხმები პოლიციაზე, განსაკუთრებით გამოვყოფ გრიგოლ ვაშაძის გაუგონარ ქმედებას, როცა თავს დაესხა პოლიციას და ხელებს ურტყავდა და უტყაპუნებდა მათ. „ნაციონალური მოძრაობა“ გადაიხდის ძალიან მწარე პოლიტიკურ ფასს, რაც შეეხება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, „ბოქლომების დადება არ არის დიალოგი და თუ ვინმეს ბოქლომების დადება უნდა, ჩვენ გავცემთ, სახელმწიფო გასცემს ისევ სამართლებრივ პასუხს“. მისივე თქმით, დიალოგი შეიძლება გაგრძელდეს ეუთოს რეკომენდაციის ფარგლებში საარჩევნო სისტემის სრულყოფის საკითხებზე.