საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.
არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა საერთო სიგნალით შეეძლება.
სპეცრაზმმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ასევე აიღო პარლამენტიოს წინ გაშლილი კარვებიც.
სამართალდმცავებმა ტერიტორიიდან აქციის რამდენიმე მონაწილეც გაიყვანეს. ჯერჯერობით დაკავებულთა რაოდენობა უცნობია. ასევე, აქციის დაშლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად.
შსს და “ქართული ოცნების” ლიდერები დილიდან აცხადებდნენ, რომ პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.
პარლამენტის პიკეტირების გამო 15:00 საათზე ჩანიშნული ბიუროს სხდომა ვერ ჩატარდა, მანამდე ვერ ჩატარდა ვერც კომიტეტების სხდომები. დემონსტრანტები დეპუტატებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.
აქციები პარლამენტთან მას შემდეგ განახლდა, რაც რამდენიმე დღის წინ, ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. გუშინ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინა და დღეს დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს.