ზუკა ბერძენიშვილი დააკავეს

674

ნეტგაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზუკა ბერძენიშვილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე, დაკავებულია გიგა მაქარაშვილი. ჯერჯერობით, შსს ინფორმაციას არ ადასტურებს და არ ამბობს, ვინ და რამდენი ადამიანია დაკავებული.

ამ წუთებში სპეცრაზმმა, ფაქტობრივად, უკვე დაშალა პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია. აიღო პარლამენტთან განთავსებული კარვები. ამის მიუხედავად, აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე მაინც რჩებიან. ტრიბუნიდან ისმის აქციის ორგანიზატორების მოწოდებები, რომ სპეცრაზმს წინააღმდეგობა არ გაუწიონ. პარალელურად, აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მისამართით სკანდირებენ: „სირცხვილია“, „საქართველო“.

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. ადგილზე რამდენიმე კორდონად არიან მობილიზებული რობოკოპები, პარალელურად, აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს, გაათავისუფლონ ტერიტორია და დაემორჩილონ პოლიციას.

ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად.

შსს და “ქართული ოცნების” ლიდერები დილიდან აცხადებდნენ, რომ პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.