სპეცრაზმელები, სავარაუდოდ, პიკეტირების დაშლისთვის ემზადებიან – კადრები ჩიტაძის ქუჩიდან

1285

უშიშროების სამინისტროს ყოფილი შენობის ეზოში სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ეკიპირებას იცვამენ. ამის ამსახველი კადრები ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ამ წუთებში გადის.

აქვეა მუნიციპალური ე.წ. ყვითელი ავტობუსები, რომლიდანაც სპეცრაზმელები გადმოდიან. ისიი აღჭურვილი არიან ჩაფხუტებით, ხელკეტებით, ფარებით. უშიშროების ყოფილი შენობა ჩიტაძის ქუჩაზე, პარლამენტთან ახლოს, გზის მეორე მხარეს მდებარეობს.

შენობის წინ აქციის მონაწილეები განლაგდნენ. მათ ჭიშკრის წინ ჯაჭვი გააკეთეს.

⭕ LIVE❗ სპეცოპერაცია რუსთაველზე

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ორშაბათი, 18 ნოემბერი, 2019

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა – მამუკა მდინარაძემ და ირაკლი კობახიძემ განაცხადეს, რომ პარლამენტმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება უნდა განახორციელოს და დღეს ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა გამართოს.

უმრავლესობის ამავე დეპუტატებმა მოუწოდეს სამართალდამცველებს, თუ აქციის ორგანიზატორები თავად არ შეწყვეტენ შენობის შესასვლელების პიკეტირებას, მათ იმოქმედონ კანონის შესაბამისად.

ამ დროისთვის, საქართველოს პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. აქციის მონაწილეების ნაწილმა, პოლიტიკოსებთან ერთად, ღამე შენობასთან გაათია. მათ დღეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ მისცეს რამდენიმე დეპუტატს.

საქართველოს პარლმენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართულმა ოცნებამ 20 ივნისის აქციებზე გაცემული პირობა – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, არ შეასრულა და კანონის პროექტი ჩააგდო.