პარლამენტში 3 საათზე დაგეგმილი ბიუროს სხდომა ჯერ ვერ იწყება. ამ დრომდე პიკეტირებულია შენობის ყველა შესასვლელი. ამავდროულად, ტერიტორიაზე, ჯერჯერობით, არცერთი დეპუტატი არ გამოჩენილა.
ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა – მამუკა მდინარაძემ და ირაკლი კობახიძემ განაცხადეს, რომ პარლამენტმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება უნდა განახორციელოს და დღეს ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა გამართოს.
უმრავლესობის ამავე დეპუტატებმა მოუწოდეს სამართალდამცველებს, თუ აქციის ორგანიზატორები თავად არ შეწყვეტენ შენობის შესასვლელების პიკეტირებას, მათ იმოქმედონ კანონის შესაბამისად.
ამ დროისთვის, საქართველოს პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. აქციის მონაწილეების ნაწილმა, პოლიტიკოსებთან ერთად, ღამე შენობასთან გაათია. მათ დღეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ მისცეს რამდენიმე დეპუტატს.
საქართველოს პარლმენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართულმა ოცნებამ 20 ივნისის აქციებზე გაცემული პირობა – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, არ შეასრულა და კანონის პროექტი ჩააგდო.