მარნეულში რუსთაველის ქუჩის დანომვრა დაიწყო

622

14 ნოემბერს, მარნეულის მერმა სამუშაო ჯგუფთან ერთად, რუსთაველის ქუჩის დასახელებისა და ნუმერაციის აბრების დამონტაჟებაში მიიღო მონაწილეობა. როგორც რადიო „მარნეულს“ ზაურ დარგალმა უთხრა, მსგავსი სამუშაოები სამომავლოდაც განხორციელდება.

„მარნეულში ვარ გაზრდილი და მინდა გითხრათ, რომ ჩემს მეხსიერებაში არ მახსოვს ქალაქს ჰქონოდა დამისამართება. ეს ტენდენცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ჩვენ უნდა შევიდეთ სოფლებში და დავნომროთ. მთავარი არის, რომ ქალაქს ჰქონდეს ქალაქის იერსახე და ყველა არსებული საჭიროება მოგვარდება“ – თქვა ზაურ დარგალმა.

მარნეულის მერიამ ქალაქ მარნეულში, ქუჩის დასახელებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების (თანმდევი მომსახურებით – მონტაჟი) შესყიდვისათვის 9 450 ლარიანი ტენდერი 2019 წლის 11 სექტემბერს გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა სამმა პრეტენდენტმა მიიღო.

ყველაზე დაბალი თანხა (7 359 ლარი) მერიას ინდივიდუალურმა მეწარმემ თამარ მაჭავარიანმა შესთავაზა. მერიამ ხელშეკრულება სწორედ მას გაუფორმა.