ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ სხვილისში მცხოვრები კევლიშვილები დახმარებას ითხოვენ. დაზიანებული სახურავიდან ოთახებში წყალი ჩადის. მრავალშვილიან ოჯახს, სადაც ოთხი მცირეწლოვანია, სტაბილური შემოსავალი არ აქვს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
კევლიშვილებს სოციალური დახმარება სამი თვის წინ მოუხსნეს. ანა ინასარიძე ამბობს, რომ ოჯახში მხოლოდ მეუღლე მუშაობს, მისი ხელფასი კი საჭმლის საყიდლადაც არ ჰყოფნით.
„სტაბილური შემოსავალი არ გვაქვს. ოთხი შვილი მყავს, დიდი ექვსი წლისაა, პატარა კი ოთხი თვის. ხან რომელი ხდება ავად, ხან რომელი. ერთ ბავშვზე 120 ლარი მეხარჯება წამლებში“, – ამბობს ანა.
მისი თქმით, დაზიანებული სახურავიდან ოთახებში წყალი ჩადის, ამიტომ სახლის მეორე სართულს ფაქტობრივად ვერ იყენებს: „სახლის სახურავი არ ვარგა, რამდენიმე ოთახში წყალი ჩამოდის. გაჭირვებით პირველ სართულზე ორ ოთახში ვცხოვრობთ, ბავშვებს არ აქვთ საკმარისი საწოლები, ზოგი ტახტზე მიწვენია. ახალციხის მერიაში დავწერე განცხადება, გვითხრეს, რომ მეორად სახურავს მოგვიტანდნენ, მაგრამ უშედეგოდ“.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროგრამა, რის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს სამშენებლო მასალებით ეხმარებოდნენ, აღარ აქვთ.
„ამ საკითხს ზედამხედველობის სამსახური შეისწავლის“, – განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ჯილდა უჩიძემ.
კევლიშვილებმა დახმარების აღდგენის მოთხოვნით, სოციალური მომსახურების სააგენტოსაც მიმართეს: „ვიცი,რომ ყველას უჭირს და შეიძლება ჩემს ოჯახზე გაჭირვებულებიც არიან, მაგრამ ოთხი ბავშვი მყავს, რომლებსაც ჭირდებათ უკეთესი პირობები, გთხოვთ, რომ კიდევ გამიგრძელოთ სოციალური დახმარება“.
სოციალურმა აგენტმა ოჯახი განმეორებით უკვე გადაამოწმა, თუმცა მიიღებს თუ არა დახმარებას შვიდსულიანი ოჯახი ამ ეტაპზე უცნობია.