თბილისის მერის და “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მისთვის პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება მოულოდნელი იყო, თუმცა, ასევე, ამბობს, რომ მმართველ გუნდში კანონპროექტთან დაკავშირებით იმდენად დაძაბული ვითარება იყო, რომ ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა. კალაძე არ აკონკრეტებს, თუ კონკრეტულად ვის შორის მოხდა დაპირისპირება.
“არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ განწყობილი ვიყავით, რომ მოხდებოდა ახალ საარჩევო სისტემაზე გადასვლა, თუმცა, მოხდა ის, რაც მოხდა. ორი დღის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ იყვნენ დეპუტატები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონის მიღებას. საკმაოდ დაძაბული დაპირისპირებაც იყო, ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა, მაგრამ მე არ დავასახელებ ახლა მათ სახელებს, ყველაფერი გახდება ცნობილი”,- განაცხადა კალაძემ.
ის, ასევე, ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემის თაობაზე ინიცირებული კანონპროექტი მმართველ გუნდში ერთპიროვნულად არ ყოფილა მიღებული და მას მოწინააღმდეგეები თავიდანვე ჰყავდა.
“მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, არ ყოფილა საუბარი, რომ ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მივიღეთ. 80 თუ 90 მაჟორიტარი დეპუტატი აწერდა ხელს იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მაშინ იქნა წარმოდგენილი პარლამენტში. ჩვენი პარტია არის დემოკრატიული. პარტიაში მიმდინარე პროცესები არის ჯანსაღი, რა თქმა უნდა, ყველა ვერ იქნება ერთ მოსაზრებაზე, არის განსხვავებული მოსაზრებები. ჩემთვისაც ბევრი რამ არ არის მისაღები”, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
კალაძის თქმით, ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის მთავარი გარანტი გუნდის შენარჩუნება და ერთიანობაა. “მთავრია გუნდის შენარჩუნება ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა და ბოროტ ძალებს არ მიეცეთ საშუალება, ქვეყანაში გამოიწვიონ დაპირსპირება”,- განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტების რეპლიკაზე კი, რომ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მოსახლეობა ითხოვს, კალაძემ განაცხადა, რომ “მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც იცის, რა განახვავებაა პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებს შორის”.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.
ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.
დღეს განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოძრაობის “სირცხვილია” და “შეცვალე” წარმომადგენლები მართავენ. პარალელურად, მასშტაბურ აქციებს აანონსებს ოპოზიციაც. ოპოზიციური პარტიები ამ დროისთვის ლეიბორისტული პარტიის ოფისში არიან შეკრებილები და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.
დღესვე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ ვერ მოხერხდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში 2020 წლის პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საგანგებო განცხადება გაავრცელეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებიც ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, გაიაზრონ ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღონ ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს.