ყველა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა საქართველოს მოქალაქე უკანონო ტყვეობიდან დროულად იქნას დახსნილი, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ უკანონოდ გატაცებული ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საუბრისას.
მისი თქმით, იმ მომენტიდან, როდესაც საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონოდ გატაცების შესახებ ცნობილი გახდა, ყველა შესაძლო არხი და საშუალება გააქტიურდა.
„სახელმწიფო მინისტრმა იმ დღესვე საქმის კურსში ჩააყენა ეუთოს წარმომადგენელი საქართველოში. დღეს მას შეხვედრა აქვს ეუთოს უმაღლეს კომისართან ადამიანის უფლებების საკითხებში და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს მიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ ააქტიურებს ცხელ ხაზს. კომუნიკაცია გვაქვს ოჯახთანაც. ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ვიყენებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად იქნას გადმოყვანილი“ – განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.
ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
რა გარემოებებში დააკავეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა, ქართული მხარე ამის შესახებ არ საუბრობს.
ცნობილი ტრავმატოლოგი გაფრინდაშვილი კლინიკა “მედიკლაბის” ექიმია. გავრცელებული ინფორმაციით, იგი შაბათს დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებს ასევე ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რესი“.