ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ბიუჯეტი 14.4 მლნ-ია

1599

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

არსებული გზა ძირითადად გრუნტის იყო, რაც გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებდა. პროექტის ფარგლებში გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. განახლდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა კიუვეტები და გაბიონები, მდ. ძამაზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდება. ასევე დაგეგმილია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. ამ დროისთვის, მიწის სამუშაოები და გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფ. ყინწვისის მიდამოებში იწყება და გვერძინეთის გავლით გრძელდება სოფ. ტყემლოვანამდე. აღნიშნული გზა, მდ. ძამას ხეობაში არსებული ეკლესია-მონასტრისათვის ერთადერთი მისასვლელი გზაა. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ამ გზით სარგებლობენ ძამას ხეობაში არსებულ სამონასტრო კომპლექსებში მოღვაწე ბერ-მონაზვნები, მომლოცველები და ტურისტები.

აღსანიშნავია, რომ სამომავლო პერსპექტივაში ყინწვისი – გვერძინეთი – ტყემლოვანას გზის გაგრძელებით ქარელის მუნიციპალიტეტი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ბორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საკურორტო დასახლებებს (ბაკურიანი, მიტარბი და სხვა).

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 14 489 880 ლარია. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2020 წლის აგვისტოში.