როგორ ჩავერთოთ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში – ინტერვიუ კოკა კიღურაძესთან

835

რაჭანიუსი

ავტორი ნატალი ნემსაძე

მონაწილეობითი ბიუჯეტის საპილოტე პროექტებისთვის სულ ათი მუნიციპალიტეტია შერჩეული, მათში შედის ონიც. პროექტის მიზანია ბიუჯეტი უფრო მეტად მიესადაგებოდეს ხალხის რეალურ საჭიროებას. იდეის განსახორციელებლად კი აუცილებელია ხალხის მონაწილეობა. კოკა კიღურაძე- მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გვაწვდის პროექტის შესახებ მეტ ინფორმაციას.30

რომელ მუნიციპალიტეტებში ხორციელდება პროგრამა და რა კრიტერიუმებით შეირჩა ისინი?

იმის მიხედვით, თუ სად იყო მოსახლეობის მაღალი გადინება და ეთნიკური მრავალფეროვნება – საქართველოს 10 მუნიციპალიტეტი შეირჩა. პროექტი ათივე მათგანში მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგავს მოიაზრებს, თუმცა ეს ნებაყოფლობითი ხასიათისაა და დამოკიდებულია მუნიციპალიტეტის მერებისა და საკრებულოს სურვილზე.

არის თუ არა მონაწილეობითი ბიუჯეტირებაში ჩასართავად შემაფერხებელი ფაქტორი ბიუჯეტში არსებული მცირე თანხა და მოსახლეობა?

პირიქით, სადაც მოსახლეობის  მცირე კონტიგენტია იქ უფრო მიზანშეწონილია ასეთი პროექტების განხორციელება, სწორედ იმ მიზნით, რომ ამ სოფლებში და დასახლებებში შეიქმნას კარგი საცხოვრებელი გარემო, რომ ადამიანებს იქ ცხოვრების სურვილი გაუჩნდეთ. ამ პროგრამის უმთავრესი მიზანი განვითარებაა, განვითარება კი უპირველესად საჭიროა იქ სადაც მოსახლეობის რაოდენობა ნაკლებია.

რა პროცედურებია საჭირო რომ მოქალაქემ ისარგებლოს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტით?

პირველ რიგში მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ გადაწყევტილება უნდა მიიღოს საკრებულომ და დაამტკიცოს საკანონმდებლო ბაზა, რის შემდეგაც მონაწილეობითი ბიუჟეტირება ვალდებულებით ხასიათს მიიღებს. შემდგომ მერმა ამ მიმართულებით უნდა გამოყოს თანხა და შეარჩიოს მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფორმა (ზონალური,თემატური,შერეული) ამის შემდგომ იწყება მოსახლეობის ჩართულობის პროცესიც. მოქალაქეები საპროექტო განცხადების შევსებით ერთვებიან მონაწილეობითი ბიუჯეტირებაში. ნებისმიერ მოქალაქეს,  ან საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს დაწესებულ ვადებში შეავსონ საპროექტო  განაცხადის მარტივი  ფორმა. მათ  განცხადებებს კი სპეციალურად შექმნილი საბჭო შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გადაარჩევს :

1.წარმოდგენილი იდეის განხორციელება უნდა შედიოდეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში

2.მისი განხორციელება უნდა იყოს რეალისტური

3.უნდა ჯდებოდეს ფინანსური ლიმიტის ფარგლებში

პირველადი გადარჩევის დროს გამოვლენილი განაცხადებიდან საუკეთესო კი კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება. საპროექტო განცხადების პროექტირებაში ინიციატივის ავტორს მუნიციპალიტეტი ეხმარება.

რა კონტროლის მექანიზმი აქვს მოქალაქეს, იმისთვის რომ შეამოწმოს როგორ მიმდინარეობს მისი ინიციატივის განხორციელება?

ამისთვის მუნიციპალიტეტი ქმნის საბჭოს, თავად პროექტის ავტორებისა და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეების მონაწილეობით. ამგვარად  უზრუნველყოფილია დემოკრატიულობა, რომ ამ საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს, როგორც მოსახლეობის მიერ არჩეულმა საკრებულოს წევრებმა, ასევე უშუალოდ  პროექტის ავტორებმაც. ამავდროულად, პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის ვალდებულება თავად მერსაც აკისრია, ის ვალდებულია  უზრუნველყოს პროექტის ავტორების ინფორმირება თითოეული ეტაპის შესახებ.

წინამდებარე სტატია მომზადებულია გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში“ ფარგლებში. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიების შინაარსობრივ სისწორესა და ავტორთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე.