შენ მონაწილეობ, შენ ცვლი – მონაწილეობითი ბიუჯეტირება ონში

2519

რაჭანიუსი

ავტორი ნატალი ნემსაძე

ონი ერთ-ერთია იმ  10 მუნიციპალიტეტიდან, სადაც 2020 წლიდან მონაწილეობითი ბიუჯეტირების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება, თუმცა, მანამდე ონის მერია მოქალაქეებთან კონსულტაციით ცდილობს, დაგეგმოს საკუთარი ბიუჯეტი. თუ რა პროექტები განხორციელდა  და რამდენადაა ჩართული მოსახლეობა წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დაგეგმვაში, ამ შეკითხვებზე ონის მერმა ემზარ საბანიძემ ისაუბრა.

რას ფიქრობთ  მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შესახებ და ხედავთ თუ არა მისი დანერგვის საჭიროებას?

მოსახლეობიდან უფრო აქტიურად მოდის ინიციატივები და გაცილებით გვიმარტივდება იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომლებიც რეალურად თემს აწუხებს. შეხვედრები ყოველკვირეულად იმართება, სადაც იკვეთება ბევრი პრობლემური საკითხი, აქტუალური და პრიორიტეტული თემები, შესაბამისად, დაგეგმვაც ამ საკითხების მაქსიმალური გათვალისწინებით ხდება. შედეგად, ბიუჯეტი აღარ იტვირთება ზოგადი პროექტებით და ის უფრო მიზნობრივი, კონკრეტული და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებულია. მოქალაქეების მონაწილეობით დაგეგმილი პროექტების შედეგებიც გაცილებით  უფრო ნაყოფიერია.

აპირებთ თუ არა ნებაყოფლობითი ხასიათი სავალდებულო ნორმად შეცვალოთ და ყოველწლიურად მონაწილეობითი ბიუჯეტირებით დაიგეგმოს წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი?

ჩვენი სურვილია, რომ  მომავალში ეს პროგრამა უფრო აქტიური გახდეს. კაბინეტიდან დაგეგმილ ბიუჯეტზე  გაცილებით უკეთესია  მოქალაქეების  ჩართულობით განისაზღვროს თანხები. იყო შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციულ შენობაში  გაწერილი ბიუჯეტი არ იყო მორგებული მოსახლეობის ინტერესებსა და აუცილებლობაზე. არის საკითხები, რაც  ჩვენ გვგონია რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ ადგილზე შესწავლისას აღმოჩნდება, რომ მოსახლეობისთვის არც თუ  ისე პრიორიტეტულია. ონის მუნიციპალიტეტში 65 სოფელი და 20 თემია მათი ინტერესებისა და სურვილების განსახორციელებლად მონაწილეობითი ბიუჯეტირებით დაგეგმვა ყველაზე  ეფექტური გზაა.

როგორ უზრუნველყავით მოსახლეობის ინფორმირება და მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ ცნობიერების ამაღლება?

კვირაში რამდენიმე დღე მერიის წარმომადგენლები თავად ხვდებიან მოსახლეობას და აცნობენ ინფორმაციას მონაწილეობით ბიუჯეტირებაზე, გარდა ამისა ბიუჯეტის შედგენის პერიოდში შექმნილია ჯგუფები, რომლებიც დადიან მოსახლეობაში და აწვდიან ინფორმაციას  თუ როგორ მუშაობს მონაწილეობითი ბიუჯეტირება, რა გზით უნდა ჩაერთონ პროგრამაში და რატომაა მნიშვნელოვანი მათი მაქსიმალური აქტიურობა. ასევე თავად მერიაში შექმნილია ჯგუფი ჩემი ხელმძღვანელობით, სადაც მიმდინარეობს მოსახლეობიდან შემოსული საკითხებისა და ინიციატივების გადარჩევა. განხილვის პროცესში მოქალაქეებიც  აქტიურადაა ჩართული. პრიორიტეტი ძირითადად  წყლის, გზის, გარე განათების, სამედიცინო ცენტრების მოწყობის შესახებ მომზადებულ პროექტებს ენიჭება.

როგორია ხალხის ჩართულობა, რამდენად დადებითად არიან განწყობილი მონაწილეობითი ბიუჯეტირების იდეისადმი?

თავდაპირველად როდესაც ეს საკითხი პირველად დაისვა და შევხვდით მოსახლეობას უნდობლობით მოეკიდნენ „ კარგია, მაგრამ ნამდვილად განხორციელდება?“

თუმცა, ერთი ორი წარმატებული პროექტის შემდეგ, როდესაც დაინახეს, რომ მართლა მათ მიერ წამოჭრილი საკითხების მიხედვით ხდებოდა თანხების განაწილება შემდეგ უფრო აქტიურად ჩაერთვნენ. გრძნობენ, რომ მათი გადაწყვეტილება და აზრი  ჩვენთვის  მნიშვნელოვანია. როდესაც მოსახლეობას  ვხვდებით, ფაქტობრივად, ყველა ასაკის ადამიანია მოსული. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება განსხვავებული ინტერესები და ინიციატივები ჰქონდეთ  საბოლოოდ  ყველაზე პრიორიტეტულ საკითხზე ჯერდებიან.

რომელი პროექტები განხორციელდა მოქალაქეთა მონაწილეობით?

წელს ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, მოწესრიგდა გასართობი, თავშეყრის ადგილები სკვერები და რეკრეაციული ზონები. მეტ-ნაკლებად ყველა თემი ჩაერთო, ზოგგან გზა დაიგო, მაგალითად, ერთ-ერთ სოფელში კილომეტრნახევრიანი გზის მოწყობა  სრულდება. ასევე გაკეთდა ადმინისტრაციული და ამბულატორიული შენობებიც, სადაც მოსახლეობამ ამის სურვილი გამოთქვა.

იყო თუ არა რაიმე შემაფერხებელი ფაქტორი, რამაც ხელი შეუშალა ამ პროექტების სრულყოფილად განხორციელებას?

არა, პირიქით ხალხის ჩართულობა ძალიან მაღალია, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან. არის შემთხვევები, როდესაც ისინი თავად იღებენ ტენდერებში მონაწილეობას და თავიანთ თემებში ამ ფორმითაც ხელმძღვანელობენ პროექტის განხორციელებას, რაც უფრო ეფექტური და ხარისხიანია. კომუნიკაციის მხრივ, თუ ადრე ჩვენ მივდიოდით და ჩართულობისკენ მოვუწოდებდით დღეს უკვე თავად კითხულობენ და ითხოვენ ახალი პროექტების წამოწყებას და მონაწილეობის მიღებას.

წინამდებარე სტატია მომზადებულია გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში“ ფარგლებში. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიების შინაარსობრივ სისწორესა და ავტორთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე.