ქედის საკრებულომ მონაწილეობით ბიუჯეტზე გადასასვლელად საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

305

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ქედის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დადგენის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე, ხოლო დადგენილების მიღების თარიღად 2019 წლის 20 ნოემბერი განსაზღვრა.

როგორც განმარტებით ბარათში წერია, აღნიშნული პროგრამა მუნიციპალიტეტისათვის ნოვაციურია, რადგან წარმოადგენს საბიუჯეტო დაგეგმვის, პროექტების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმას, რომლის ამოცანაა, მოქალაქეებმა საკუთარი პასუხისმგებლობით, მათი შესაძლებლობების გაძლიერებითა და ჩართულობით უზრუნველყონ მუნიციპალური ბიუჯეტის ნაწილის განკარგვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულებას იღებენ, ბიუჯეტში გაითვალისწინონ და განახორციელონ ამ დადგენილებით და შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური აქტებით დადგენილი წესით მოქალაქეების მიერ წარდგენილი და შერჩეული პროექტი(ები).

ქედის მუნიციპალიტეტი მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტს 2020 წლიდან დანერგავს, რაშიც მას, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება დაეხმარება. სწორედ ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მედია-კლუბი” მუნიციპალიტეტს ნორმატიული ბაზის, სამოქმედო გეგმისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება.