პლანშეტები, სკამები და კარადები – რას ითხოვენ გორის საკრებულოს დეპუტატები

1144

გორის საკრებულოს დეპუტატები პლანშეტების, სკამების და კარადების ყიდვას ითხოვენ. აღნიშნულის საჭიროებაზე ყურადღება ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაამახვილა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

საკრებულოს სხდომას მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი ესწრებოდა. დამატებითი ტექნიკის და ინვენტარის შეძენის თხოვნით, დეპუტატმა ირმა ამბარდნიშვილმა სწორედ მას მიმართა.

“პლანშეტები გვიყიდეთ. სკამები და კარადებიც არ გვაქვს, სამფეხა სკამზე ვზივარ”, – თქვა ირმაამბარდნიშვილმა.

საკრებულოს წევრის მოთხოვნას სამსახურის უფროსმა იქვე უპასუხა და უთხრა, რომ დეპუტატების ეს საჭიროება მალე დაკმაყოფილდება.

ამავე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის 2019 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიშიც მოისმინეს. დეპუტატთა უმრავლესობამ დადებითად შეაფასა.

აღნიშნულ სესიაზე საკუთარი ანგარიში მერიის კიდევ ოთხმა სამსახურმა წარადგინა.  ყველა მათგანი საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

8 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სულ 17 საკითხი დაამტკიცეს. სხდომას საკრებულოს 37 დეპუტატი ესწრებოდა.