ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრისა და ორდონიანი ავტოსადგომის მშენებლობა საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ “ქართუს“ მიერ 2018 წელს დაიწყო.
ბათუმის მერის ცნობით, პროექტში გათვალისწინებულია დამთვალიერებლისათვის საჭირო ყველა აუცილებელი პირობა, მოსასვენებელი ოთახები, ბარგის შესანახი განყოფილება, საინფორმაციო სტენდები, სალარო და სხვა ელემენტები.
“უნიკალური და მრავალფეროვანია ბათუმის ბოტანიკური ბაღი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და სპეციფიკით. ძალიან ბევრი ქვეყანა ინატრებდა ასეთი მასშტაბის ბაღს. მის განვითარებასა და წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ფონდ ,,ქართუს“, რომელიც ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ, საჩუქრად უკეთებს ქალაქს. თითქმის 15 წელია, რაც ფონდი ,,ქართუ“ ბოტანიკური ბაღის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს. ფონდის დახმარებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა არა მხოლოდ ბოტანიკურ ბაღში, ასევე, ბათუმშიც, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბიძინა ივანიშვილს და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ თავმჯდომარეს ნიკოლოზ ჩხეტიანს. მინდა გამოვყო ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ფონდმა ,,ქართუმ“ ბათუმში ააშენა და რეაბილიტაცია ჩაუტარა. ეს არის 60 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების პროექტები: ბათუმის სავიზიტო ბარათი – ბათუმის დელფინარიუმი, რაგბის სტადიონი, ცენტრალური პარკი, მწერალთა სახლი, დრამატული თეატრი და რვაფეხა. პროექტები, რომლებიც ფონდის დახმარებით კეთდება, მნიშვნელოვნად ამაღლებს როგორც ბათუმის, ისე ბაღის ტურისტულ პოტენციალს და შესაძლებლობას აძლევს ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, მიიღონ ის სიკეთეები, რაც ჩვენს ქალაქს გააჩნია” , – განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფილმის ჩვენება ბაღის ისტორიის, თანამედროვეობისა და 2005 წლიდან დღემდე ფონდ ,,ქართუს“ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ.