მთავრობა მიწის რეგისტრაციისას მოქალაქეების წინაშე მდგარ პრობლემებზე მსჯელობს

884

მთავრობა მიწის რეგისტრაციისას მოქალაქეების წინაშე მდგარ პრობლემებზე მსჯელობს. როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებისას ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად მიწის სისტემური და სპორადული წესით რეგისტრაციისას არსებული ხარვეზები გამოიკვეთა. მისი ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა საკითხის მოგვარების ახალი მექანიზმები, რომელსაც მთავრობის წევრებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს გააცნობს.

ჯერჯერობით, უცნობია, რას ითვალისწინებს რეგისტრაციის ახალი მექანიზმები. მიუხედავად იმისა, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმა 1 წელზე მეტია, მიმდინარეობს, მოქალაქეები საკუთარი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისას სისტემურ პრობლემებს აწყდებიან. ამასთან დაკავშირებით ბოლო აქცია რამდენიმე დღის წინ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოსახლეობამ გამართა.

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის 1 იანვრამდეა გაგრძელებული.