მოსახლეობასა და მათ ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას ან/და მათთვის ზიანის მიყენებისას, მუნიციპალიტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებები (გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღება) გაატარონ. პარლამენტმა პირველი მოსმენით ( 90 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი) მხარი დაუჭირა „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ კანონში ცვლილებებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
კანონპროექტის მიხედვით, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ კანონის 36-ე მუხლს დაემატება 1 პრიმა პუნქტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა, საფრთხის წარმოშობისთანავე ოპერატიულად მიიღონ გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირებაზე გადაწყვეტილებები და შესაბამისად, დაიცვან მოსახლეობის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქონება.
ამჟამად მოქმედი კანონით, გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას.
ბოლო წლების განმავლობაში, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირებას მუნიციპალიტეტები ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაფორმებული შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილების ხელშეკრულებით დელეგირების პროცედურა ხშირად დიდ დროს მოითხოვს, ვინაიდან მოიცავს რამდენიმე ეტაპს. კანონპროექტის ინიციატორი – საქართველოს მთავრობა – მიუთითებს, რომ უფლებამოსილების დელეგირება მნიშვნელოვნად აფერხებს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღებას, რაც იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას.
„დღეს მოქმედი პროცედურა, მუნიციპალიტეტის მიერ საკითხის დასმიდან მისთვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებამდე, როგორც წესი, გრძელდება 2-3 თვემდეც, რის გამოც დროულად ვერ ხერხდება საფრთხეზე რეაგირება და გარეული ცხოველებისგან მოსახლეობის დაცვა, მაშინ როცა ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონებასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან აცილება საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას და დაყოვნება ხშირად მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს (დაგლეჯილი საქონელი, განადგურებული ფრინველი და ა.შ) აყენებს მოსახლეობას, რომ არაფერი ვთქვათ გარეული ცხოველების მიერ ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანზე და სიცოცხლისთვის შექმნილ საფრთხეზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისთვის დროულად მოხდეს გარეული ცხოველებისგან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირება, საჭიროა, რომ მუნიციპალიტეტებს მიეცეთ შესაძლებლობა, საფრთხის წარმოშობისთანავე ოპერატიულად მიიღონ გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირებაზე გადაწყვეტილებები,“ – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, იგი ამოქმედდება 2020 წლის პირველი მაისიდან.