მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ცენტრთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ამორტიზებული იყო და ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.
“პროექტის ფარგლებში ახალი გზა 4 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება. ასევე, პროექტი წყალსაწრეტი მილების, რკინა-ბეტონის და ბუნებრივი კიუვეტების, საყრდენი კედლების და საგზაო ნიშნების მოწყობას ითვალისწინებს. ამჟამად მიმდინარე სამუშაოები გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს წარმოადგენს და 2020 წლის მარტში დასრულდება. პირველი ეტაპის სამუშაოები კი გასულ წელს განხორციელდა, რის ფარგლებშიც ახალი საავტომობილო გზა 1,5 კილომეტრზე დაიგო.
დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება“,- აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.