გურჯაანში მუზეუმების პოპულარიზაციისთვის ექსპონატების გაციფრულება მოხდება

928

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოქმედი მუზეუმების პოპულარიზაციისთვის, ა(ა)იპ ,,გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების”  ინიციატივით, ექსპონატების გაციფრულება და ერთ სივრცეში განთავსება მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

მუზეუმების კურატორის, ეკატერინე ბეროშვილის თქმით,  მუზეუმების პოპულარიზაციისთვის ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელება, რომელიც ვიზიტორების რიცხვს გაზრდის.

მისი თქმით, გურჯაანში მუზეუმებს 2016 წელს 4 118 ვიზიტორი, 2017 წელს- 3013, 2018 წელს კი 5556 ვიზიტორი ესტუმრა.

“გურჯაანის მუნიციპალიტეტში არის 5 მოქმედი მუზეუმი, რომელიც ინახავს რაიონის კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას და ვცდილობთ მას სათანადო მოვლა-პატრონობა გავუწიოთ. მუზეუმებს დამაკმაყოფილებელი რაოდენობის ტურიტი ყავს და ბოლო წლებში ზრდის ტენდენცია არის.

ყოველწლიურად ვცდილობთ გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა და სხვადასხვა სერვისი შევთავაზოთ დამთვალიერებელს. მუშავდება სხვადასხვა პროექტები, მათ შორის შევიმუშავეთ ციფრული მუზეუმი და ექსპონატები გავაციფრულეთ, რომელიც პირველ ეტაპზე დაიბეჭდება და გამოფენაზე იქნება წარდგენილი.

ვფიქრობთ, რომ ეს შევთავაზოთ ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროებს და მარნებს სადაც მრავალრიცხოვანი ტურისტი ყავთ. მაგალითად: ერთი კვირა გაჩერდება ერთ ადგილას გამოფენა და შემდეგ სხვაგან გადავა, რათა იქ მისულმა ტურისტმა გაიგოს, მუზეუმების შესახებ და გაუჩნდეთ სურვილი მოვიდნენ.

ასევე აქტიურად ვგეგმავთ გასვლით შეხვედრებს და პრეზენტაციებს. მივალთ საჯარო სკოლებში, სხვადასხვა ორგანიზაციებთან, სასტუმროებთან და ჩვენი მუზეუმების პრეზენტაციას გავაკეთებთ, რომ პოტენიურმა ტურისტებმა გაიგონ, ჩვენს შესახებ”,- განუცხადა Knews.ge-ს ეკა ბეროშვილმა.

მისივე განმარტებით, დაგეგმილია ასევე მუზეუმების ტურისტულ მარშრუტში ჩასმა.

,,ტურისტულ მარშრუტში აუცილებლად მოხვდება მუზეუმები, ეს ჩვენი დიდი სურვილია. თუმცა მანამდე სხვა პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი.

მაგალითად: ტურისტების რიცხვის გასაზრდელად გურჯაანის მემორიალური მუზეუმის რებრენდინგს ვაპირებთ. უკვე გვაქვს პროექტი შემუშავებული. პირველ ეტაპზე გვჭირდება დაფინანსება და ამ კუთხითაც ვმუშაობთ. გვინდა, რომ მუზეუმში გარდა მეორე მსოფლიო ომის თემისა, მთლიანი კომპლექსი, გვინდა დავამატოთ სხვა ომების შესახებ ინფორმაცია რომელიც საქართელომ გადაიტანა”,-განაცხადა ეკა ბეროშვილმა.