ახალციხის მერიაში 10 ვაკანტურ პოზიციაზე 199 განაცხადი შევიდა

672

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ათ ვაკანტურ პოზიციაზე 199 განაცხადი შევიდა. მათგან მომდევნო ეტაპისთვის მხოლოდ 37 განაცხადი შეარჩიეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში, განცხადებების მიღების ვადა 27 სექტემებრს ამოიწურა.

10 ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადი 102-მა ადამიანმა შეიტანა. მათ შეეძლოთ განაცხადი ერთზე მეტ პოზიციაზე გაეკეთებინათ, შესაბამისად, მერიაში სულ 199 განაცხადი შევიდა.

თვითმმართველობის ინფორმაციით, გადარჩევის შედეგად, მეორე ეტაპზე 29 პირის 37 განაცხადი გადავიდა.

მერია თანამშრომლებს შემდეგ პოზიციებზე შეარჩევს: მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში; აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ასისტენტი; პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი; მეორადი სტრუქტურული ერთეულის – მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი; პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების საკითხებში; მეორადი სტრუქტურული ერთეულის ურბანული დაგეგმარების განყოფილების ხელმძღვანელი; პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში; მეორადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელი; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი; პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში;

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი სამ ეტაპს მოიცავს: განცხადებების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

როდის გაიმართება მომდევნო ეტაპი, კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

“განცხადების შემოტანის დასრულებიდან სამი თვე აქვს კონკურსს ვადა“, – აცხადებენ მერიაში.