ქუთაისში ერთი წლის წინ საზეიმოდ გახსნილი თეთრი ხიდი კვლავ რეაბილიტაციას საჭიროებს

877

ერთი წლის წინ საზეიმოდ გახსნილი თეთრი ხიდი კვლავ  რეაბილიტაციას საჭიროებს. დაზიანებული და საღებავგადაცლილია რკინის ფილები. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

მერიამ ხიდზე ხარვეზების გამოსწორება გასული წლის ბოლოს დააანონსა, თუმცა,  10 თვის შემდეგ ტენდერიც კი არ გამოცხადებულა. მერიას  ახლა შპს „ალმა რუსთან”,  რომელმაც ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, სასამართლო დავა აქვს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ჯერ სასამართლო უნდა დასრულდეს და  სამუშაოები ამის შემდეგ დაიწყება. მანამდე, ისტორიული თეთრი  ხიდი მოქალაქეებისთვის ყოველდღიურად უფრო საფრთხისშემცველი ხდება.

მერიამ თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის  შპს „ალმა რუსთან“  436 000 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა,  კომპანიამ სამუშაოებს სამი თვის ნაცვლად ხუთი თვე მოანდომა და საბოლოოდ მაინც უხარისხოდ შეასრულა.  მერიაში ირწმუნებიან, რომ  შემსრულებელს  მხოლოდ 290 000 ლარი გადაუხადეს.

ხიდის საზეიმო გახსნიდან მალევე, ჯერ რკინის ფილა, შემდეგ კი მინა დაზიანდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეცდომები მხოლოდ ამის შემდეგ  აღიარა და კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა.

მერია  ახლა „ალმა რუსს“ 180 000 ლარს ედავება.