მარნეულის მუნიციპალიტეტში დღემდე მწვავედ დგას მიუსაფარი ძაღლების პრობლემა, რომლებიც ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
2018 წლის 8 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მარნეულში ანტირაბიული ვაქცინა 820-მა ადამიანმა გაიკეთა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ ბოლო პერიოდში ქალაქში ძაღლების რიცხვმა იმატა. უმეტესობას არც ყვითელი ნიშანი აქვს, რომ გარკვეულწილად მათ უსაფრთხოებაზე მიგვანიშნებდეს. მიუსაფარი ძაღლები გუნდურად დადიან. უმეტესწილად, საცხოვრებელ კორპუსებთან, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასა და რესტორნებთან იყრიან თავს. მსგავსი ვითარებაა ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე. მოსახლეობა დაკბენის არაერთ ფაქტს იხსენებს.
„ახლახან ორ ქალს უკბინა. ბავშვი შიშით ვერ გადის გარეთ, მე თვითონ მაღაზიაში ვერ მივდივარ. სხვა გზის მოძებნა მიწევს. ვის მივმართოთ, პრეზიდენტის ბრძანებაა მოკვლა, არ შეიძლება. სოფლიდან მოჰყავთ აქ აგდებენ და ქალაქიდან სად გადავაგდოთ?”- ამბობს რადიო მარნეულთან საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი.
„20-30 ძაღლი ერთდროულად თავს გვესხმიან და არ ვიცით რა ვქნათ. გზაზე ქვას, ხეს სად ვნახავ, რომ თავი დავიცვათ? მოკვლა არ შეიძლებაო. მაშინ წაიყვანონ სადმე ასე არ შეიძლება,“ – ამბობს მეორე ადგილობრივი.
გამოცემის ცნობით, გარდა ქალაქ მარნეულისა, მიუსაფარი ძაღლების პრობლემა მწვავედ დგას მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. მაგალითად, 15 ოქტომბერს, გამართულ მარნეულის საკრებულოს სხდომაზე სადახლოს დეპუტატმა როვშან ისკანდაროვმა თვითმმართველობასაც მიმართა რომ პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს.
„ბავშვებს ეშინიათ, არ დადიან სკოლაში. ერთი და ორი არ არიან, 50-მდე არიან და ერთად დადიან (ძაღლები). თანადგომა გვჭირდება იქნებ რამენაირად მოგვარდეს ეს პრობლემა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა,” – განაცხადა სადახლოს დეპუტატმა როვშან ისკანდაროვმა.
მიუსაფარი ძაღლები რომ მარნეულის მასშტაბით პრობლემას წარმოადგენენ, ამას არც მერიაში უარყოფენ. ძაღლების თავშესაფრის მომსახურებაზე გამოცხადებულმა ტენდერმა მხოლოდ მეხუთე ცდაზე იმუშავა. 2018 წლის მაისიდან მოყოლებული, პირველ სამ ტენდერში მონაწილეობა არვინ მიიღო, ხოლო მეოთხედ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიეცა. დეკემბერში, მეხუთე ტენდერის მონაწილე შპს „ვექტრას“ მარნეულის მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა. როგორც მარნეულის მერიაში განმარტავენ, ამ ეტაპზე 140 ძაღლს ჩაუტარდა ტენდერით ნაკისრი მომსახურეობა.
„ახალი მომსახურეობის გაწევაზე უკვე მივწერეთ წერილი. ველოდებით, უახლოეს დღეებში უნდა ჩამოვიდნენ და გაწიონ მომსახურება“ – ამბობენ მერიაში.
მარნეულის მერიამ 2019 წლის განმავლობაში მიუსაფარი ძაღლებისათვის ბიუჯეტიდან 16 949 ლარი გამოყო .
სამომავლოდ, მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად რეგიონალური თავშესაფრის აშენება იგეგმება, რაშიც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაცია აქტიურად არის ჩართული. თვაშესაფარის აშენება, სავარაუდოდ, 2019 წელს იგეგმება.