ხვალ გახდება ცნობილი, დარჩებიან თუ არა პატიმრობაში ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და ორი მაღალჩინოსანი

584

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ბათუმის ყოფილი მერის გიორგი ერმაკოვის და მერიის ორი მაღალჩინოსნის აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ხვალ 11:30 საათზე გამოაცხადებს. ორი სხდომის განმავლობაში მხარეები აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობდნენ.

ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით მოსამართლეს დაკავებულთა ადვოკატებმა მიმართეს და მოქმედ მერთან გაფორმებული ხელშეკრულება წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ზიანი ჩადებული ქონებიდან ანაზღაურდება.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე დაინტერესდა, სჭირდებოდა თუ არა მერს შეთანხმების გაფორმებაზე საკრებულოს თანხმობა, ასევე საკმარისია თუ არა ზარალის ასანაზღაურებლად დაყადაღებული უძრავი ქონება, რომელიც 384 ათას ლარადაა შეფასებული. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი ბათუმის მოქმედ მერთან დადებულ შეთანხმებას უკანონოდ მიიჩნევს

აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველია ახალი არსებითი გარემოება. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა. კერძოდ, ბათუმის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 384 ათასი ლარის ოდენობით ცდილობენ ზიანის უზრუნველყოფას, თუმცა ამ ხელშეკრულებას აქვს თავისი პირობები, ზიანი კი 1,3 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 384 ათას ლარზე გაცილებით მეტია. გარდა ამისა, ბათუმის მერს საკრებულოს თანხმობის გარეშე ასეთი ხელშეკრულების გაფორმების უფლება არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, საქმეში ახალი არსებითი გარემოება არ არსებობს“,- აცხადებს პროკურორი რამაზ შავაძე.

დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ ბათუმის მოქმედ მერთან შეთანხმება კანონიერია და მას საკრებულოს თანხმობა არ სჭირდებოდა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ერთ-ერთ წინა პროცესზე გირაოს საფუძველზე ბათუმის მერიის 4 მაღალჩინოსანი გაათავისუფლა. ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ ვანაძე და ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი ეგარსლან ლომიძე.

მათ პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვას ედავება. საქმე ეხება „იაფი სახლის“ პროექტს. ბათუმში მაღალჩინოსნები 30 მაისს დააკავეს.