ბათუმის მერი უკანონო მშენებლობებზე: მერია დღეს ლამის ხელჩართულ ბრძოლაშია შესული სამშენებლო კომპანიებთან

627

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ირწმუნება, რომ ქალაქში არ არის არც ერთი უკანონო მშენებლობა, რომელზეც მერიას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება არ მოუხდენია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

“იმ ინსტრუმენტების ფარგლებში, რომლებშიც მერიას რეაგირება შეუძლია, ყველა ნაბიჯი აქვს გადადგმული. მათ შორის შესაბამის ორგანოებში გაგზავნა მოთხოვნა, დემონტაჟთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ვერ ვღებულობთ იმ დამაკმაყოფილებელ რეაგირებას, რომელსაც ვისურვებდით. მერია არ არის, რაღაც ისეთი სამსახური, რომელიც ყველა ჯაჭვის ყველა ეტაპს მოიცავს.

მერია დღეს, ლამის ხელჩართულ ბრძოლაშია შესული სამშენებლო კომპანიებთან და ამ შემთხვევაში მერიის ეს ბრძოლები არავის არ აინტერესებს, და ყველა რატომღაც დუმს ამის შესახებ. როგორც კი მოხდება ერთი ხმაურიანი თემის წამოწევა, ყველა უკვე საუბრობს რაღაც სხვა თემებზე,”- აცხადებს ბათუმის მერი.

ლაშა კომახიძემ კომენტარი ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში ორსართულიანი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებითაც გააკეთა და განაცხადა, რომ  აღნიშნულ პროექტს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მერიის მოქმედებებს საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილება დაედო.

“ძალიან დიდი ხანი ამ პროექტს ვეწინააღმდეგებოდი, ორი წლის განმავლობაში ყველა ხერხით მისი შეჩერება ხდებოდა, თუმცა სასამართლო დავა, რომელიც კომპანიამ მოიგო, დაედო საფუძვლად მერიის მოქმედებებს. ჩვენ ვართ გარკვეული ტიპის საქმეების მემკვიდრეები, რომელზეც იძულებული ვართ მოვახდინოთ რეაგირება. სასამართლო მოთხოვნისა თუ სხვა წინმსწერებად დაწყებული საქმეების ფარგლებში. მაქსიმალურად ვცდილობთ, დღეს დაწყებული მშენებლობები და საქმეები იყოს იმ ახალ რეგულაციებში ჩამჯდარი, რომლის ინიციატორიც თავად მე ვიყავი. ჩვენი მერიის სამსახურები”- ამბობს ლაშა კომახიძე.

ქალაქის მერის განმარტებით, როცა პროექტი ბეჭედდასმული და შეთანხმებულია, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ მისი განხორციელება მიზანშეწონილი არ არის ამ შემთხვევაში იწყებენ მოლაპარაკებებს კომპანიებთან, იმიტომ რომ იმ ადამიანებს გაწეული აქვს სერიოზული ხარჯები.

” ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, კომპანიებს პროექტები შევაცვლევინოთ, ადგილმონაცვლეობა გავუკეთოთ, ან პროექტში ცვლილება შევიტანოთ რომ ნაკლებად მტკივნეული იყოს მათთვის”- განაცხადა ბათუმის მერმა.