ასპინძის სოფელ აწყვიტაში დასახლებულ ტერიტორიაზე კლდიდან ლოდები ცვივა

692

ასპინძაში, სოფელ აწყვიტაში ველიჯნაშვილების ეზოში კლდე ჩამოიშალა, ლოდების ნაწილი სარდაფს დაეცა, ნაწილი კი საცხოვრებლის მიმდებარედ გაჩერდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ კლდის ჩამოშლის საშიშროება კიდევ არსებობს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

შემთხვევა დღეს, 15 ოქტომბერს დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა.

„ერთი ლოდი სარდაფის სახურავზე დაეცა და ჩაამტვრია, მეორე კი სახლიდან ორ მეტრში ჩამოვარდა. უზარმზარი ლოდებია, იმხელა ვიბრაცია ჰქონდა მთელი სოფელი შეაზანზარა. ეს ლოდი სახლს, რომ დასცემოდა, მთელს ოჯახს ამოგვხოცავდა“, – ამბობს ვიტალი ველიჯანაშვილი.

ველიჯანაშვილების სახლში ექვსი წევრი ცხოვრობს მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ვიტალი ამბობს, რომ კლდე მათ სახლამდე 50 მეტრის დაშორებით არის და მისი ნგრევის საშიშროება კიდევ არსებობს: „ეს ლოდები მთას ყველაზე დაბალი ადგილიდან მოწყდა, ზემოთ მწვერვალი დაბზარული და გადმოხრილია, არის საშიშროება, რომ კიდევ ჩამოცვივდეს და სახლს დაეცეს. თან ჩვენ სახლამდე დაღმართია და პირდაპირ ჩვენსკენ წამოვა ლოდები“.

ველიჯანაშვილები ამბობენ, რომ კლდის გამაგრება თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ფიქრობენ, რომ უსაფრთხოების გამო, საცხოვრებელი სახლი რაც შეიძლება მალე დატოვონ: „ახლა ჩემი მშობლები ასპინძის მერიაში არიან წასულები, არ ვიცი ადგილობრივ თვითმმართველობაში რა რეაგირებას მოახდენენ, განცხადებას ახლა წერენ“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე კლდის ჩამოშლის პირველი შემთხვევა არ არის და რამდენიმე წლის წინაც ჩამოინგრა.