დავით გარეჯთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის პოლიტიკური შეთავაზება მაქვს, რომელიც გვაძლევს ისტორიულშესაძლებლობას, რომ ეს გამოწვევა გამოვიყენოთ ჩვენი და აზერბაიჯანის ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის, ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისათვის და ამ ადგილის საერთაშორისო მასშტაბის მემკვიდრეობის ძეგლად ქცევისთვის, – ამის შესახებ „პალიტრანიუსთან“ საუბარში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გულისხმობს, რომ დავით გარეჯის ტერიტორია, მთლიანად გადაიქცეს დაცულ ტერიტორიად.
„ეს შეთავაზება დიდი ხანია დევს მაგიდაზე და შემუშავებულია საერთაშორისო მხარდაჭერით, მათ შორის მსოფლიო ბანკის და შემუშავებულია სასიქადულო მეცნიერების მიერ. ამ ეტაპზე გვინდა პოლიტიკურ დონეზე გავიტანოთ და დავდოთ მაგიდაზე, როგორც არსებული ვითარების მშვიდობიანი კი არა, სასარგებლოდ გადაწყვეტის შეთავაზება“, – განაცხადა ანა დოლიძემ და იქვე დასძინა, რომ ეს შეთავაზება ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის, ვინაიდან მსგავსი სტატუსი აქვს კანდასა და აშშ-ს საზღვართან არსებულ ვატერტონ-გლასიერის მშვიდობის საერთაშორისო პარკს.
ანა დოლიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი საკითხი შეთავაზების მიხედვით დარეგულირდება, ორივე მხარე შეძლებს ტერიტორიის კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით გამოყენებას.
„ასეთი მაგალითები მსგავს დაძაბულ სამართლებრივად განუსაზღვრელ ტერიტორიებზე არსებობს. ვითარებას და ადგილს, რომელთან დაკავშირებით დაძაბულობაა, ვაქცევთ და ვიყენებთ საერთაშორიო კულტურული მემკვიდრეობის ადგილად და ეს ხდება ერთ-ერთი სერიოზული, გარემოსდაცვითი, ტურისტული და ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი რეგიონში, ორივე მხარისთვის მომგებიანი“, – განაცხადა დოლიძემ.