გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მაჭახელის დაცული ლანდშაფტის შექმნას მხარი დაუჭირა

418

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელა, რომელიც მაჭახელის დაცული ლანდშაფტის შექმნასა და მართვას ეხება.

კანონპროექტები „მაჭახელის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომიტეტის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარადგინა და დეპუტატებს კანონპროექტების ზოგადი პრინციპების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღება განპირობებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მაჭახელის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით. დავით გაბაიძის ინფორმაციით, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი და გაეროს განვითარების პროგრამა (GEF/UNDP) ახორციელებს პროექტს “აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა”.

„პროექტის მიზანია შეიქმნას დაცული ტერიტორიების რეგიონული კომპლექსი დასავლეთ საქართველოს მცირე კავკასიონის ქედის საყოველთაოდ მნიშვნელოვანი ზომიერად ნოტიო კოლხური ტყეების დაცვისა და გონივრულად სარგებლობის მიზნით. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2018 წელს მოხდა მაჭახელის ხეობაში არსებული სიტუაციის შესწავლა, მისი ანალიზი და დაცული ტერიტორიის დაარსებისათვის შესატყვისი კატეგორიის შეთავაზება. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე ოპტიმალური იქნებოდა სწორედ დაცული ლანდშაფტის შექმნა. საკითხი შეთანხმებული იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, სხვა შესაბამის სტრუქტურებთან და მოსახლეობასთან. კვლევის საფუძველზე შემუშავებული იქნა მაჭახელის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის კანონის პროექტი“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.

მისივე თქმით, მაჭახელის დაცული ლანდშაფტის შექმნა ხელს შეუწყობს მაჭახელის ხეობაში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, კულტურითა და ისტორიული თავისებურებებით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას.

„ნამდვილად ძალიან კარგია, რომ ტენდენცია ჩამოყალიბდა და ეს უკვე არ არის პირველი კანონპროექტი, რომლითაც დაცული ლანდშაფტი იქმნება. გარდა იმისა, რომ დაცული ლანდშაფტის შექმნა ბიომრავალფეროვნებისთვის დაცულობის დამატებითი ბერკეტია, დაცული ლანდშაფტების ჩამოყალიბება ნამდვილად კარგი საშუალებაა ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესების და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სარგებლების მოძიების კუთხით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არც თუ ისე პატარაა ის ტერიტორია, რომელზეც დაცული ლანდშაფტი იქმნება, შესაბამისად, კომიტეტი მიესალმება აღნიშნული დაცული ლანდშაფტის შექმნას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

მისი თქმით, კომიტეტს ჰქონდა გარკვეული შენიშვნები, რომლებიც ავტორების მხრიდან გათვალისწინებულია. კომიტეტმა კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.