როგორ შევადგინოთ მოქალაქეთა მონაწილეობით ადგილობრივი ბიუჯეტი და რა საკომუნიკაციო არხები გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, – ამის შესახებ ლაგოდეხში მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის, აგრეთვე, კახეთში მოქმედი მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი – “ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში” – გაიმართა.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ დეცენტრალიზაციის როლს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საქმეში, განიხილეს მონაწილეობით ბიუჯეტის ამოცანები, ფორმები, სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა და ამ მიმართულებით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.
შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მონაწილეობითი ბიუჯეტირების საინფორმაციო მხარდაჭერის, აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების მოქალაქეებთან და მედიასთან კომუნიკაციის ფორმებსაც.
ტრენინგი, რომელსაც ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი და მაგდა პოპიაშვილი უძღვებოდნენ, საქართველოს მედია კლუბმა გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის “მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში” -ფარგლებში ჩაატარა.
პროექტის – “ჩვენ ვმონაწილეობთ – ჩვენ ვცვლით” – ფარგლებში ანალოგიური სწავლება საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. გარდა ტრენინგებისა, ასევე, დაგეგმილია იმ მუნიციპალიტეტების საექსპერტო მხარდაჭერა, რომლებიც მომდევნო წელს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დანერგვას გადაწყვეტენ.