ეკატერინე გალდავა – 2020 წელს წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურულ პროექტებს 256 მილიონი ლარი მოხმარდება

643

2020 წელს წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურულ პროექტებს 256 მილიონი ლარი მოხმარდება, – ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ დღეს პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

გალდავას თქმით, წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და 2020 წელს რეგიონებში არაერთი მასშტაბური და მცირე პროექტი იგეგმება.

„რომ გადავხედოთ ბოლო 3 წლის სტატისტიკას – 2017 წელს დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით განხორციელდა 122 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ეს მოიცავდა ADB-ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამასა და EIB_EPTAF – ქუთაისის წყალარინების პროექტს. 2018 წელს ეს ბიუჯეტი გაიზარდა 30 მილიონით და შეადგინა 153 მილიონი ლარი, აქ დაგვემატა ახალი დონორორი ორგანიზაცია KfW, რომელმაც იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით გამოყო დაფინანსება. წელს ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან საერთო ჯამში მივიღეთ 197 მილიონი ლარის დაფინანსება წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის,“ – განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

მისივე თქმით, ყოველწლიურად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხები. 2017 წელს 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 2018 წელს ეს ციფრი გაიზარდა 15 მილიონამდე, წელს პროექტების განხორციელებაზე 63 მილიონი ლარი იხარჯება, მომავალ წელს კი, გეგმის მიხედვით, პროექტებს 65 მილიონი ლარი მოხმარდება.

ამასთან, დეპუტატების წინაშე ეკატერინე გალდავამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანია გეგმავს ფინანსური ანგარიშგების მოწესრიგებასა და ERP სისტემის დანერგვას, სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებას, მათ შორის ხარჯების კაპიტალიზაციას და კონტროლის მექანიზმების შემუშავებას.

„სატარიფო პოლიტიკის მიმართულებით კომპანიის საოპერაციო შედეგების გასაუმჯობესებლად იგეგმება სატარიფო განაცხადის გაკეთება. ასევე, დაფარვის არეალის ზრდა, რაც მიზნად ისახავს 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფას და გამრიცხველიანების ნიშნულის გაუმჯობესებას,“ – აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

მისივე თქმით, მასშტაბური პროექტების განხორციელების კუთხით, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან. ამ დროისთვის, კაპიტალური პროექტების დაფინანსების წყარო ანუ სასესხო ხელშეკრულების ღირებულება აზიის განვითარების ბანკის მხრიდან 500 მილიონ დოლარია, ევროპის საინვესტიციო ბანკს გამოყოფილი აქვს 180 მილიონი ევრო, გერმანიის განვითარების ბანკს – 100 მილიონი ევრო, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს – 7,5 მილიონი ევრო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს – 7 მილიონი ევრო. წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.