რამდენით დაფინანსდებიან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტები 2020 წელს დღგ-ის 19%-დან

1388

წინა სტატია

შემდეგი სტატია

2020 წელს დღგ-ის 19%-იდან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტ დაფინანსებას კვლავ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსების კოეფიციენტი 0.73%-დან 0.69%-მდე უმცირდება, მისი დაფინანსება მომავალი წლისთვის მცირედით – 54 ათასი ლარით მაინც მოიმატებს და წლევანდელი 6 931.4 ათასი ლარის ნაცვლად, 6 985.7 ათასი გახდება.

ამბროლაურის შემდეგ ყველაზე მეტ დაფინანსებას ცაგერი მიიღებს. თუ წელს დღგ-ის 19%-დან ცაგერის მუნიციპალიტეტი 5 840.5 ათასით ფინანსდებოდა, გაისად ეს თანხა თითქმის ორმილიონნახევრით მოიმატებს და 6 358.4 ათასი ლარი გახდება. 0.62%-დან 0.63%-მდე გაიზრდება მისი დაფინანსების კოეფიციენტიც.

920 ათასით მოიმატებს ონის მუნიციპალიტეტის დაფინანსება. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტმა დღგ-ის 19%-დან 0.39%-იანი დაფინანსებით 3 715.5 ათასი მიიღო, 2020-ში კოეფიციენტი 0.46%-მდე გაეზრდება და 4 636.0 ათას ლარს მიიღებს.

რეგიონში ყველაზე დაბალი დაფინანსება კვლავ ლენტეხის მუნიციპალიტეტს ექნება, თუმცა, თანხა მცირედით – 376 ათასით მასაც ემატება. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტმა დღგ-ის 19%-ის განაწილებისას 3 454.4 ათასი მიიღო, 2020-ში ეს თანხა 3 831.1 ათასამდე მოიმატებს. უმნიშვნელოდაა გაზრდილი დაფინანსების პროცენტიც და ის 0.36%-დან 0.38%-ზე ავა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების წესი, ფისკალური დეცენტრალიზაციის მოტივით, შარშან შეცვალა – გააუქმა გათანაბრებითი ტრანსფერი, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართა, ხოლო თვითმმართველობებს დღგ-ის სახით მიღებული შემოსავლების 19%-ის განაწილება დაუდგინა.

ჯამში, 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის 19%-იდან მისაღები შემოსავლები 1 016.5 მლნ ლარის ოდენობით არის პროგნოზირებული, რაც, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 70 მილიონით მეტია. დღგ-ის 19%-ის განაწილება მუნიციპალიტეტებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ხდება.