საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისია მუშაობას დღეს ასრულებს. დასკვნითი შეხვედრის შემდეგ, კომისიის წევრები საყოველთაო სახალხო განხილვებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ოქმს მოამზადებენ.
ცვლილებებზე უახლოეს დღეებში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც საკითხს კენჭს პლენარულ სესიაზე უყრიან.
რამდენიმე შეუთანხმებელი პუნქტის მიუხედავად, დოკუმენტს ოპოზიცია მხარს უჭერს.
მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პაკეტის მიხედვით, 2020 წლიდან ქვეყანა მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე უნდა გადავიდეს, ნულოვანი ბარიერის პრინციპით. საყოველთაო სახალხო განხილვები ამ საკითხზე ქვეყნის მასშტაბით თითქმის ერთ თვე მიმდინარეობდა.
2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით და ერთჯერადად ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. ინიციატივა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და მას მხარს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია უჭერს. უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 5 აგვისტოს წარადგინა.