2020 წელს დაგეგმილი პროექტების ფარგლებში 70 000 აბონენტი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

572

2020 წელს დაგეგმილი პროექტების ფარგლებში 70 000 აბონენტი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს, – ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებს.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და 2020 წელს რეგიონებში არაერთი მასშტაბური და მცირე პროექტი იგეგმება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი დაახლოებით 38 მილიონი ლარით იზრდება, რაც კომპანიის წინა წლის ბიუჯეტთან მიმართებაში 18%-ით მეტია.

“წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა უკვე დასრულდა ურეკში და ობიექტები ექსპლუატაციაში ნოემბრიდან შევა. წელსვე დასრულდება ქუთაისის, ზუგდიდის, აბაშისა და ჯვარის მასშტაბური პროექტები, ხოლო 2020 წლის დასაწყისში – ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა.

მომავალ წელს წყალმომარაგების ახალი ქსელის მშენებლობა ასევე დასრულდება საჩხერის, გორის, კასპის და ქარელის გამყოფ ხაზთან მდებარე 27 სოფელში. ეს სამუშაოები მოსახლეობის 24-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

2020 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დაბა აგარის, ვალეს, სოფელ ანასეულის უბნის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის (მარტყოფი, ნორიო, ახალსოფელი, ვაზიანი, ახალი სამგორი) წყალმომარაგებაც.

გარდა ამისა, მოსახლეობისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, პროექტები დაიწყება თელავის, ხაშურის, მარნეულისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში.

2020 წელს დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, 70 ათას აბონენტს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება,”- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.