ადიგენში თერთმეტ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანებულია და ორი კვირაა, ტრანსპორტი ვერ გადადის. გზაზე კი ხიდზე გავლის ამკრძალავი ნიშნებიც არ დგას. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ხიდი, რომელიც დაბა ადიგენს სოფლებთან – ჭელა, ჭეჭლა, საირმე, მოხე, ციხის უბანი, ზედუბანი, აფიეთი, ღორთუბანი, ნამინაური, დერცელი და კეხოვანი – აკავშირებს, დაახლოებით, ორი კვირის წინ ჩაინგრა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხიდზე ერთ–ერთი მცხოვრები მანქანით გადადიოდა, როცა ხიდი ჩაინგრა. “მანქანა უმნიშვნელოდ დაზიანდა, თვითონ არაფერი დაშავებია, მაგრამ ამის შემდეგ აქ აღარავინ გადასულა იმიტომ, რომ ხიდი ჩაინგრევა და უფრო უარესი მოხდება“.
ჩანგრეული ხიდის მიმდებარედ არც გამაფრთხილებელი და არც ამკრძალავი საგზაო ნიშნები დგას, დაზიანებულ ხიდზე რომ არავინ შევიდეს.
ადიგენის მერიაში კი განმარტავენ, რომ დაზიანებული ხიდის შესახებ მათთვის ცნობილია და პროექტი მზადდება იმისათვის, რომ მთლიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდეს: „მანამდე კი დროებით შეკეთდება, მოსახლეობამ გადაადგილება რომ შეძლოს“.
თერთმეტ სოფელს, აღნიშნული ხიდის გარდა, დაბასთან დასაკავშირებლად შემოვლითი გზაც აქვს, თუმცა, იმის გამო, რომ მანძილი დიდია, ძირითადად, ხიდით სარგებლობენ.
თერთმეტ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდის დაზიანების ეს პირველი შემთხვევა არ არის, ამასთან დაკავშირებით “სამხრეთის კარიბჭეს“ არაერთი მასალა აქვს მომზადებული. მასალების მიხედვით, ხიდი დროებით არაერთხელ შეკეთდა, თუმცა სრული რეაბილიტაცია მას არასოდეს ჩატარებია.